ურანმა გადამალა ტარტაროსში (გეას ნაწლავები ) ასხელები და ციკლოპები რათა მათ დედამიწაზე სიბოროტე არ ჩაედინათ. ეს გეას ძალიან ეწყინა და შექმნა მყარი და ბასრი ცელი და მოუხმო კრონოსს და მის ძმებს ტიტანებს რათა დამორჩილებოდნენ მას, კერძოდ უნდა შეწყვეტილიყო ურანის შთამომავლობის მიღება. კრონოსმა ითავა ეს საქმე და გეას რჩევით ჩაუსაფრდა მამას, ცელით მოაჭრა სასქესო ორგანო და მამაკაცობა დააკარგვინა. მიწაზე დაცემული ურანის სისხლის წვეთებისგან წარმოიშვნენ ერინიები (შურისძიების ქალღმერთები) და გიგანტები, ხოლო ზღვაში მოხვედრილებისგან - სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე..
გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა დედოფლად.
წინაპართა მოხსენიებისას გეას კულტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი დაფიცება ყველაზე უფრო სარწმუნოდ და წმიდათაწმინდად ითვლებოდა. როგორც მოსავლის ღვთაებას, გეას მთელ საბერძნეთში აღიარებდნენ. არის გადმოცემები იმის შესახებაც, რომ დელფოს სამისნო აპოლონის კულტის გავრცელებამდე გეას სახელს ატარებდა.
ზოგი მითი გეას ზევსის ცოლადაც მიიჩნევს, რის გამოც მისი კულტი აირია დიონისეს, ჰერასა და დემეტრას კულტში.
ანტიკურ ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. პერგამის ტაძრის ფრიზაზე გეა გამოსახულია დედამიწის სარტყელზე, ხელში უჭირავს სიუხვის რქა და ზევსს ევედრება, რათა დაივიწყოს მრისხანება და შეიბრალოს გიგანტები.
No comments:
Post a Comment