11 October 2012

აპათე (ათე)

აპათე - ტყუილის, გონების დაბნელების, სიყალბის ქალღმერთი. ნიქტის ქალიშვილი.
მითში პანდორას ყუთის შესახებ გამოვიდა სხვა ბოროტ სულებთან და უბედურებებთან ერთად.
გამოისახება წელზე ქამრით, რომელშიც მთელი სამყაროს ტყუილები და სიყალბეა..
ბერძნული მითოლოგია
აპათე  ორფელების მიხედვით  ზელოსის (ეჭვიანობა, შური) მეუღლეა. აპათემ და ზელოსმა ზღვის ქაფიდან შობილი აფროდიტე მიიღეს და მის მშობლებად იქცნენ.

ჰესიოდეს მიხედვით აპათე ერიდას (ერისი) ქალიშვილია, ათეს დაა. ხშირად გაიგივებულია  ათესთან.

ათეც ტყუილის და გონების დაბნელების ქალღმერთია.  ჰომეროსი მას სწრაფ, ძლევამოსილ და ადამიანებისთვის უბედურების მომტან ქალღმერთად მიიჩნევს.

როდესაც ჰერაკლე უნდა შობილიყო ალკმენესგან ზევსმა განაცხადა, რომ დაბადებული მოკვდავი იბატონებს ყველაზე. ეჭვიანმა და ცბიერმა ჰერამ  ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის (ალკმენეს ბაბუა) შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ–ტომის მბრძანებელი იქნებოდა. მისივე დავალებით და თხოვნით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ათემ,  ჰერამ შეანელა ალკმენეს მშობიარობა და ჰერაკლეზე ადრე უბრალო მოკვდავი ევრისთევსი დაიბადა, რის გამოც ჰერაკლეც მას დაემორჩილა.
 განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის.

აპოლოდორეს მიხედვით, ათე, რომელიც ციდან გადმოაგდეს, დაეცა ფრიგიის მთებზე, რომელსაც შემდეგ მისი სახელი უწოდეს, მასთან ერთად ჩამოვარდა პალადიონი, რომელმაც ლეგენდარული ილიონი (ტროა) დააარსა.  ტყუილად არ ამბობენ, რომ ტროას საძირკველი ათეს ბორცვზე მდებარეობს.

No comments:

Post a Comment