მიცვალებულთა სამეფოს (ჰადესი) კარების მცველი. საშინელი, მრისხანე და პირსისხლიანი ურჩხული. მას ჰქონდა სამი თავი, მის კისერზე შხამიანი გველები იკლაკნებოდნენ და კუდი ლაშდაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. ცერბერი ჰადესში ყველას უშვებდა, იქედან კი - არავის. მხოლოდ ერთადერთმა - ორფევსმა შეძლო ჯადოსნური სიმღერით დაეძინებინა ცერბერი როდესაც თავისი მეუღლის - ევრიდიკეს ჯოჯოხეთიდან გამოხსნა სურდა.
მიკენის მეფემ - ევრისთევსმა დაავალა ჰერაკლეს ჰადესიდან ცერბერის ამოყვანა. დიდი ხნის სიარულისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ჰერაკლე მივიდა მიწისქვეშეთის მეფე ჰადესთან და ცერბერის გატანება მოსთხოვა. ჰადესს გაუკვირდა ჰერაკლეს ნახვა და სათხოვარი, დაეთანხმა, მაგრამ იმ პირობით, თუკი გმირი ცერბერს ცარიელი ხელებით დაიმორჩილებდა. რკინასავით მაგარი ხელები შემოაჭდო გმირმა ურჩხულს და მოსთხოვა გაჰყოლოდა, მაგრამ ცერბერი არ ნებდებოდა. დიდხანს აწამა ჰერაკლემ ურჩხული და ბოლოს, ნახევრად მკვდარი აიტაცა და წამოიყვანა. მეტისმეტად შეაშინა უკუნითის მკვიდრი დღის სინათლემ, იგი მთლიანად ცივმა ოფლმა დაფარა, აცახცახდა და დაღრენილი ლაშებიდან მომწამლავი დუჟი სდიოდა. დუჟისაგან შხამიანი ბალახები(აკონიტი) იზრდებოდნენ. ეს ის ბალახებია, რომლებსაც მედეა თავის ჯადოსნურ რეცეპტებში იყენებდა. ჰერაკლემ ცერბერი მიკენში მიიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა, მაგრამ მეფე დანახვისთანავე შიშმა შეიპყრო და შეევედრა გმირს, კვლავ ჰადესში წაეყვანა ეს საშინელი არსება. ჰერაკლემ შეისმინა მეფის ვედრება და კვლავ თავის სამყოფელში დააბრუნა ცერბერი. - ეს იყო ჰერაკლეს XII გმირობა. გადატანითი მნიშვნელობით ცერბერს უწოდებენ ავ, მრისხანე დარაჯს.
No comments:
Post a Comment