08 December 2012

კრონოსი

კრონოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. უმცროსი ტიტანი.  ტიტანიდი რეას ქმარი. მისგან შეეძინა შვილები: ჰესტია, დემეტრა, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი. ხოლო ფერია ფილირასაგან ჰყავდა ვაჟი კენტავრი ქირონი.

თავდაპირველად კრონოსი - მიწათმოქმედების ღმერთი იყო, ხოლო მოგვიანებით დროის ღვთაებასთან ქრონოსთან იქნა გაიგივებული. იტალიაში კრონოსს სატურნთან აიგივებდნენ.

კრონოსის მამამ ურანოსმა გადამალა ტარტაროსში ასხელიანი გოლიათები და ციკლოპები რათა მათ დედამიწაზე სიბოროტე არ ჩაედინათ. ეს გეას ძალიან ეწყინა. მან შექმნა  მყარი და ბასრი ცელი და მოუხმო კრონოსს და მის ძმებს ტიტანებს რათა დამორჩილებოდნენ მას, კერძოდ უნდა შეწყვეტილიყო  ურანის შთამომავლობის მიღება. კრონოსმა ითავა ეს საქმე და გეას რჩევით  ჩაუსაფრდა მამას, როდესაც იგი ციდან ჩამოვიდა რომ გეასთან დაწოლილიყო,  ოთხმა ძმამ ტიტანმა: კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს მამა ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

ტიტანების და გათავისუფლებული ასხელიანი გოლიათების და ციკლოპების დახმარებით დაამხო კრონოსმა მამის ძალაუფლება და ქვეყნიერებაზე თვითონ გაბატონდა.
იმის შიშით რომ გოლიათები მას წაართმევდნენ ძალაუფლებას, ისინი ისევ ტარტაროსში ჩააგდო. რითაც გეა გაანაწყენა. მან უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.
 ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი საიმედოდ  გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ. როდესაც კრონოსმა გაიგო, რომ მოტყუებული იყო, დაიწყო ზევსის ძებნა, მაგრამ კურეტებმა ხელი შეუშალეს, და როდესაც პატარა ზევსი ტიროდა, შუბებს ურტყამდნენ ფარებს, რომ კრონოსს არ გაეგონა ჩვილის ტირილის ხმა.

როდესაც ზევსი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, მან გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა კრონოსისთვის.  თავისი პირველი ცოლის მეტიდას რჩევით ისეთი სასმისი დაალევინა კრონოსს, რომ  ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოანთხევინა. დაიწყო ათწლიანი ომი ღმერთებსა და ტიტანებს შორის. რომელსაც ტიტანომახია უწოდეს.
ტიტანები ძლევამოსილი მოწინაამღდეგეები იყვნენ, ამიტომ ზევსმა ტარტაროსიდან ციკლოპები გამოიყვანა, რომლებმაც მას ელვას უჭედავდნენ. ასევე გამოიყვანა ასხელიანი გოლიათები, რომლებიც მთებს და კლდეებს ესროდნენ ტიტანებს, როცა ოლიმპოს მთას უახლოვდებოდნენ.

ბოლოს დამაცხდნენ ტიტანები,  დადგა ადამიანების მსგავსი ღმერთების - ოლიმპიელების ბატონობის ხანა. ამიერიდან კრონოსი შებოჭილი წევს ტარტაროსში სხვა ტიტანებთან ერთად, ასხელიანი გოლიათები კი ზევსმა დარაჯებად დაუყენა ტიტანებს.

ორფიკული ტრადიციის მიხედვით, კრონოსი ბოლოს შეურიგდება ზევსს და გამეფდება ნეტართა კუნძულზე, სადაც მხოლოდ კვდრები ცხოვრობენ, აქ სიმშვიდე და ბედნიერება სუფევს.სწორედ კრონოსის მეფობას უკავშირებენ ე.წ. ”ოქროს ხანის” დადგომას.

კრონოსის  საპატივსაცემოდ ატიკური კალენდრის პირველი თვის მეთორმეტე დღეს (12 ივლისი) აღინიშნებოდა დღესასწაული „კრონია“, რომელიც მოსავლის აღებას უკავშირდებოდა.

No comments:

Post a Comment