ნემეის ლომს უზარმაზარი ტანი ჰქონდა და ტყავიც ისეთი მყარი, რომ ვერცერთი იარაღი ვერ ავნებდა. ბერძნული მითოლოგია
ჰეროდოტეს მიხედვით ნემეის ლომი მთვარიდან გადმოვარდა, და ცხოვრობდა ქალაქ ნემეის მახლობლად (პელოპონესი, არგოლიდა). ერთ ერთი ვერსიით ნემეის ლომი ჰერამ ან სელენამ გამოკვება.(გამოზარდა)
მრავალმა ბერძენმა გმირმა სცადა ლომთან შებრძოლება, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
ნემეის ლომს უკავშირდება ჰერაკლეს პირველი გმირობა.
პირველად ევრისთევსმა ჰერაკლეს ნემეის ლომის მოკვლა დაავალა: მხეცის ტყავი მომართვიო საჩუქრად.
ჰერაკლე ნემეის ტყეში რომ შევიდა, ყოველ მხარეს თვალს აცეცებდა, რათა გაშმაგებული მხეცი დაენახა, ვიდრე ის თვითონ თვალს მოჰკრავდა.
შუადღე იყო. არც ლომი ჩანდა და არც მისი ბუნაგის გზა–ბილიკი, რომ კვალს გაჰყოლოდა. ლამის მთელი დღე დაეხეტებოდა ხშირ ჭალაში, მტკიცედ მოწადინებული, ურჩხულთა ნაშიერ მხეცთან თავისი ღონე გამოეცადა.
ბოლოს, საღამოხანს, ლომი ტყის ბილიკზე გამოვარდა, რათა ნადირობიდან თავის ბუნაგში დაბრუნებულიყო. სისხლითა და ხორცით გამაძღარს თავმკერდიდან და ფაფრიდან დაფლეთილი ნანადირევის სისხლი ჩამოსდიოდა, წითელი ენით ლაშებს ილოკავდა. გმირმა შორიდანვე დაინახა, თავი ერთ დიდ ბუჩქს შეაფარა და დაელოდა.
როგორც კი ლომი მოახლოვდა, ჰერაკლემ ისარი სტყორცნა და კიდეც მოახვედრა გვერდში, მაგრამ ისარი ასხლტა, როგორც კლდეზე, უკანვე გააბრუნა და მიწაზე დაეცა.
მხეცმა დახრილი თავი ასწია, მიმოიხედა, სისხლიანი კბილები გამოუჩნდა საიერიშოდ მომზადებულს. ასე მიუშვირა ჰერაკლეს თავისი ფაფრიანი მკერდი. გმირმა მეორე ისარი ესროლა, რათა შიგ ღია ხახაში მოეხვედრებინა ან მკერდი გაეხვრიტა. მაგრამ ლომი ისევ უვნებელი დარჩა. ისარი ახლაც ასხლტა მკერდზე და ნადირის წინ დავარდა. ჰერაკლემ, ის იყო, მესამე ისარიც მოიმარჯვა, რომ მხეცმა დაინახა, ბრაზისგან ფაფარი ყალყზე დაუდგა, ზურგი მშვილდივით მოეხარა, საიერიშოდ გაემზადა და თავბრუდამხვევი ნახტომით ჰერაკლესთან გაჩნდა.
ჰერაკლემ დააგდო ისარი, მარჯვენა ხელით მოიქნია კომბალი და ისეთი ძალით დაჰკრა ლომს კეფაზე, რომ ჰაერშივე დაარეტიანა, დაბლა დააგდო, მხეცი აცახცახებულ ფეხებზე დადგა და თავს უმწეოდ აძაგძაგებდა.
ვიდრე ლომი გონს მოვიდოდა, ჰერაკლე ზურგიდან მოუარა, თავს ქვემოთ ხელები შემოახვია და იქამდე უჭერდა, სანამ არ მოახრჩო.
დიდხანს ამაოდ ცდილობდა მოკლული ლომის გატყავებას. არც ქვა ეკარებოდა, არც რკინა. ბოლოს ლომის ბრჭყალებით შეეცადა ტყავის გაძრომას, და გაუმართლა. მერე ტყავისაგან ჩინებული ჯავშანი გაიმზადა, ხოლო თავისაგან – საბრძოლო მუზარადი.
როცა ევრისთევსმა საზარელი ნადირის ტყავით ხელში მომავალი გმირი დაინახა, მისი ღვთაებრივი ძალისაგან ელდანაკრავი მეფე სპილენძის დიდ ქოთანში ჩაძვრა. როცა ქოთნიდან ამოიყვანეს, ჰერაკლეს უბრძანა, ამიერიდან თვალით აღარ დამენახოო, ქალაქის გალავნის გარეთ გაჩერდი და ჩემი დავალებები კოპრევსის პირით მოისმინეო.
შვილის ამ დიადი გამარჯვების აღსანიშნავად, ზევსმა ლომის თანავარსკვლავედი შექმნა. ძველი ბერძნები კი ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელიწადს აწყობდნენ სახალხო თამაშობებს, რომელიც "ნემეური თამაშობების" სახელითაა შესული ისტორიაში.
No comments:
Post a Comment