25 October 2012

ციკლოპები (კიკლოპები)

ციკლოპები - მითიური ცალთვალა გიგანტები. ურანის და გეას შვილები. ბერძნული მითოლოგია
 ცნობილია სამი ციკლოპის სახელი:  ბრონტოსი, სტერაპოსი და არგესი.
ასევე ცნობილია, რომ ციკლოპი სახელად პირაგმონოსი მუშაობდა ჰეფესტოს სამჭედლოში.

ურანმა მიწის წიაღში გამოამწყვდია გიგანტი შვილები, მათ შორის ციკლოპებიც. როდესაც ურანსა და მის შვილს - კრონოსს შორის დავა წარმოიშვა ქვეყნიერების მბრძანებლობაზე, ციკლოპები კრონოსმა გაანთავისუფლა რათა მისთვის ემსახურათ ურანის წინაამღდეგ, გამარჯვების შემდეგ კი მათივე სიძლიერის შიშით ციკლოპები ჯაჭვებით შეკოჭა და კვლავ გამოამწყვდია ტარტაროსში.


ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ზევსმა გაათავისუფლა ციკლოპები და ჰეფესტოს დაუმეგობრა, რომელსაც ისინი ეხმარებოდნენ ზევსისთვის ელვის შექმნასა და გმირთათვის იარაღის გამოჭედვაში. აიდს გამოუჭედეს მუზარადი, პოსეიდონს კი სამკაპი.

სხვა მითის მიხედვით ციკლოპები ასკლეპიოსის მოკვლისთვის ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია.

ჰომეროსის პერიოდში წარმოდგენები ციკლოპებზე კიდევ უფრო გაზარდა ბერძნებისგან კაცისმჭამელი ტომების მიგნებამ. ჰომეროსის წარმოდგენით ციკლოპები გამოქვაბულებში მცხოვრები ძლევამოსილი გიგანტები არიან, არ მისდევენ მიწათმოქმედებას,  და არ აღიარებენ ღმერთებს.

ჰომეროსის ოდისეაში გხვდება კაცისმჭამელი ციკლოპი (კიკლოპი) პოლიფემოსი. იგი არის პოსეიდონისა და ნიმფა ფოოსეს ვაჟი.
ხეტიალის დროს ოდისევსი თავის 12 თანამგზავრთან ერთად პოლიფემოსის გამოქვაბულში მოხვდა, სადაც ცალთვალა გოლიათი თავის ცხვრის ფარასთან ერთად ცხოვრობდა. პოლიფემოსმა, როდესაც თავის საბრძანებელში დაუპატიჟებელი სტუმრები ნახა, უზარმაზარი ლოდით ჩაკეტა გამოქვაბულის კარები, ოდისევსის 6 თანამგზავრი ჩაყლაპა და დანარჩენების შესაჭმელად მეორე დღისათვის ემზადებოდა. როდესაც მას ოდისევსი გამოეცნაურა და პოლიფემოსმა სახელი ჰკითხა, ოდისევსმა უთხრა: "არავინ" მქვიაო. შემდეგ მოტყუებით იგი ღვინით დაათრო, დააძინა და უზარმაზარი მუგუზლით ერთადერთი თვალი წამოთხარა. როდესაც გამწარებულმა პოლიფემოსმა თანამოძმე ციკლოპებს დასახმარებლად მოუხმო და მათ ჰკითხეს: ვინ წამოგთხარა თვალიო, პოლიფემოსმა უპასუხა: არავინო. ციკლოპებმა პოლიფემოსის ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. დილას დაბრმავებული და განრისხებული პოლიფემოსი გამოქვაბულის კარებში ჩადგა და ყოველ გამსვლელ ცხვარს ზურგზე ეხებოდა, რომ მტრები არ გაპარვოდნენ. მაშინ ოდისევსმა თანამგზავრები ყოჩებს მუცელზე ამოაკრა, თვითონაც ყველაზე დიდ ყოჩს ამოეკრა და ასე, ეშმაკობით დააღწიეს თავი გამძვინვარებულ პოლიფემოსს. ამ ამბით განაწყენებული პოლიფემოსის მამა პოსეიდონი დიდხანს დევნიდა ოდისევსსა და მის თანამგზავრებს.

გვიანდელი მითების მიხედვით პოლიფემოსს უყვარდა ულამაზესი ნერეიდა - გალათეა, რის გამოც იგი დევნიდა აკიდს და მოკლა კიდეც უზარმაზარი ლოდის ტყორცნით, მაგრამ ღმერთებმა აკიდი მდინარედ აქციეს.

No comments:

Post a Comment