26 October 2012

გიგანტები

გიგანტები - უკიდურეს დასავლეთში მცხოვრები ჯანყისმოყვარე გოლიათები, ღმერთების ნათესავები. გეას და ურანის ვაჟიშვილები. ბერძნული მითოლოგია

ერთი ვერსიით ისინი გეას შვილები არიან, რომლებიც ურანის მოჭრილი სასქესო ორგანოს სისხლის წვეთების დედამიწაზე მოხვედრის შედეგად დაიბადნენ.
მეორე ვერსიით გეამ ისინი მაშინ შვა, როცა ზევსმა ტიტანები დაამარცხა და ტარტაროსში ჩააგდო.  სამაგიეროს გადახდის მიზნით მშობელმა დედამიწამ აუმხედრა გიგანტები ღმერთების ახალ მბრძანებელს ზევსს.
გიგანტები დაიბადნენ ფლეგრეის ველებზე, პალენის ნახევარკუძულზე. მანდვე მოხდა ბრძოლა ოლიმპიელ ღმერთებთან. ამ ბრძოლას გიგანტომახია ეწოდება. ტიტანებისგან განსხვავებით გიგანტები მოკვდავები იყვნენ...
წინასწარმეტყველების მიხედვით ღმერთები ვერ დახოცავდნენ ვერცერთ გიგანტს მოკვდავი გმირების დახმარების გარეშე.  ეს მისნობა გეამაც იცოდა და გულმოდგინედ ეძებდა ისეთ ჯადოსნურ წამალს, რომელიც მის გიგანტებს მოკვდავისათვის უვნებელს გახდიდა. ასეთი უწყვლადობის ბალახი მართლაც იზრდებოდა დედამიწაზე, მაგრამ გეას ზევსმა დაასწრო. მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანა, დედამიწა არ გაანათოთო და როდესაც ის ელვის სისწრაფით მოწყვიტა და ათენას ჰერაკლეს ამოყვანა დაავალა ოლიმპოზე.



გიგანტები ქვესკნელის წყვდიადიდან ამოირაგნენ და ფლეგრეის შორეულ ველებზე გამოჩნდნენ, თესალიაში. მათი მნახველი ვარსკვლავები გაშეშდნენ, ფერი დაკარგეს ხომლებმა, ხოლო ფებოსმა მზის ეტლი უკან გააბრუნა. ქვეყნიერებაზე წყვდიადი ჩამოწვა.
– წადით, შეებით, შური იძიეთ ჩემთვის და ღმერთების ძველი ნაშიერებისათვის, – უთხრა მათ გეამ. – პრომეთეს არწივი ჯიჯგნის, ტიტიოსს ქორი კორტნის, ატლასს ზურგზე ცის თაღი ადგას, სხვა ტიტანები ბორკილებს აჩხრიალებენ. წადით, შური იძიეთ, იხსენით ტიტანები! გამოიყენეთ ჩემი საკუთარი კიდურები, მთები და კლდეები, საფეხურებად და იარაღად! შენ, ტიფონო, გამოსტაცე ზევსს ხელიდან სკიპტრა და მეხი! ენკელადოსო, შენ დაამხე პოსეიდონი, განდევნე და ზღვას დაეპატრონე! რეტოსმა მზის ღმერთს უნდა გამოსტაცოს ეტლის სადავეები, პორფირიონმა დელფოს სამისნო უნდა აიღოს!

ზევსმაც შემოიკრიბა ოლიმპიელი ღმერთები თავის გარშემო, დაუძახეს ასევე გმირებს, ნახევარღმერთებს ჰერაკლეს და დიონისეს.


ოლიმპოს მწვერვალზე კი სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული.  
არესმა თავისი  რაშები ხელჩართული შეტაკების დროს მტრის რაზმის შუაგულში შეიყვანა, მისი საბრძოლო ეტლის თავზე ომის ღმერთის ოქროს ფარი ცეცხლზე უფრო მხურვალე სხივს აფრქვევდა, მისი მუზარადი ნაპერწკლებს ყრიდა მოფრიალე ფაფრიდან. გახურებულ ბრძოლაში შუბით განგმირა გიგანტი პელოროსი, რომელსაც ფეხების მაგივრად ორი უზარმაზარი გველი ება, შემდეგ კი მოკრუნჩხულ გვამსა და მოსისინე გველებს თავისი ეტლით ზედ გადაუარა და გადათელა. მაგრამ ურჩხულმა თავისი სამი სული მხოლოდ მაშინ ამოუშვა, როდესაც მოკვდავი ჰერაკლე დაინახა.

ჰერაკლე, ის იყო, ამოვიდა ოლიმპოს უმაღლეს საფეხურზე, მიმოიხედა ბრძოლის ველზე და მაშინვე თავისი მშვილდი მოზიდა, მიზანში ამოიღო გიგანტი ალკიონევსი. განგმირული გიგანტი ცას მოსწყდა, ძირს დაემხო, მაგრამ როგორც კი მშობელი მიწის კალთებს შეეხო, ისევ გაცოცხლდა, წამოიწია და ოლიმპოს მიაშურა. ათენას რჩევით ჰერაკლემ ის დაითრია და მოაშორა მხარეს, სადაც დაიბადა. როცა უცხო მიწაზე მოხვდა, სულიც დალია.

ახლა გიგანტი პორფირიონი გავიდა სახიფათო ადგილზე, რათა ჰერაკლეს და ჰერას ცალ–ცალკე შებმოდა. მაგრამ ზევსმა უეცრად შთაუნერგა სურვილი, რომ ქალღმერთის ნამდვილი სახე პირისპირ ეხილა და ვიდრე პორფირიონი ჰერას საბურველს აგლეჯდა, ზევსმა მეხი ჰკრა, შემდეგ კი ჰერაკლემ ისრით მოუსწრაფა სიცოცხლე. უეცრად მეომარი გიგანტების რიგს გამოეყო ურჩი ეფიალტე და ღმერთებს ცეცხლოვანი თვალები მიანათა.
– ეს კარგი სამიზნეა ჩვენი ისრებისათვის! – სიცილით თქვა ჰერაკლემ გვერდით მებრძოლის – აპოლონის გასაგონად და მაშინვე ღმერთმა მარცხენა თვალი გამოსთხარა, ნახევრად ღმერთმა კი მარჯვენა.
გიგანტი ევრიტე მოკლა დიონისემ თავისი კვერთხით – თირსოსით, ხოლო ჰეფესტომ ღვთაებრივი ხელიდან ნიაღვრად დაფრქვეული ცეცხლოვანი ლავით მიმანტოსი ძირს დაანარცხა. ტიტანიდა ჰეკატემ გიგანტი კლიტიოსი მოკლა. არტემიდამ გიგანტი გრათიონი.
ბრძოლის ველიდან გაქცეულ გიგანტ ენკელადოსს ათენამ კუნძული სიცილია ესროლა და შიგ ჩამარხა. გიგანტი პოლიბოტე უფრო შორს გაექცა პოსეიდონს, კუნძულ კოსს მიაწყდა, მაგრამ ზღვის ღმერთმა ამ კუნძულის ნაწილი აიტაცა, სტყორცნა და სამუდამოდ დაფარა.
 ჰერმესს თავზე აიდის მუზარადი ეხურა, გიგანტ ჰიპოლიტოსს შეუტია და მოკლა. გიგანტებს აგრიუსს და თოონეს კი მოირების კომბლები მოხვდათ და სასიკვდილოდ დაშავდნენ. სხვები ზევსმა განგმირა მეხით და ელვით, ძირს გადმოყარა დედამიწაზე, სადაც ჰერაკლემ თავისი ისრებით ყველას სიცოცხლე მოუსწრაფა.
ამ გმირობამ ჰერაკლეს ღმერთების სამუდამო პატივისცემა მოუხვეჭა. ზევსმა ოლიმპიელები უწოდა ყველას, ვინც ამ სასტიკ ბრძოლაში მას ეხმარებოდნენ, რათა ამიერიდან ამ სიტყვით გაერჩიათ მამაცები ლაჩრებისაგან. ასეთი მაღალი პატივის ღირსად მოკვდავი ქალის შობილთაგან მხოლოდ დიონისე და ჰერაკლე გახადა.

No comments:

Post a Comment