13 December 2012

თემიდა (თემისი)

თემიდა (თემისი) - ერთ-ერთი ტიტანიდა.  ურანოსისა და გეას ასული.
ზევსის მეორე  ცოლი. ზევსისგან მას ეყოლა ბედისწერის განმასახიერებელი ქალღმერთები - მოირები: ატროპოსი, კლოთო და ლაქესისი.
ჰესიოდეს მიხედვით ზევსსა და თემიდას ქალიშვილები იყვნენ ჰორები: ევნომია (კანონიერება), დიკე (სამართლიანობა), ეირენე (მშვიდობა).

ესქილეს მიხედვით თემიდა - პრომეთეს დედაა.

თემიდა - სიმართლის, მართლმსაჯულებისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთია.
მოგვიანებით თემიდა დიკესთან ერთად უზენაეს ღვთაებათა მრჩეველი ხდება. იგი გადასცემდა ადამიანებს ზევსის ბრძანებებსა და ნება-სურვილს. თემიდა ითვლებოდა მოუსყიდავი და ობიექტური მსჯავრდებლების მფარველად.

თემიდას წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსს და თეტიდას ეყოლებათ შვილი, რომელიც ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს.

თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ეს ორაკული გადასცა თავის დას ფებეს, ხოლო ფებემ ის თავის შვილიშვილს აპოლონს აჩუქა დაბადების დღეზე.

თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები.

რომაულ მითოლოგიაში თემიდას ანალოგს წარმოადგენს იუსტიცია. იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თემიდას თვალახელილს გამოსახავდნენ,  რათა სიმართლე კარგად დაენახა, მას ხელში სასწორი და სიუხვის რქა ეჭირა. თუმცა უნდა ითქვას რომ თემიდას გამოსახვამ ევოლუცია განიცადა. დღეს მას თვალებიც აქვს ახვეული და სიუხვის რქის მაგივრად ხმალი უჭირავს, ეს ატრიბუტები მისი რომაული ანალოგისგან იუსტიციისგან არის ნასესხები.

თემიდა გადატანითი მნიშვნელობით მართლმსაჯულებას, სიმართლეს ნიშნავს. ხშირად მოსამართლეებსა და იურისტებს თემიდას მსახურებს უწოდებენ.

1 comment: