26 December 2012

ლეტო

ლეტო - ტიტანი კოიოსისა და ტიტანიდი ფებეს ქალიშვილი. ასტერიას და.
ჰერამდე იყო ზევსის ცოლი. ზევსისგან ლეტომ დაბადა ტყუპები: არტემიდე და აპოლონი.

ძველ ბერძნებს ლეტო წარმოდგენილი ჰყავდათ უწყინარ და მოალერსე, შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალღმერთად.
როგორც თქმულების, ისე კულტის მიხედვით, ლეტო მჭიდროდაა დაკავშირებული თავის შვილებთან. მას, როგორც მათ დედას, ეთაყვანებოდნენ.  ლეტო  დედების, ახალგაზრდა წყვილების მფარველად ითვლება. იგი ასევე თავმდაბლობას,  ქალურ მორიდებულობას განასახიერებს.

ჰომეროსის მიხედვით ზევსს ლეტო ჰერაზე დაქორწინების შემდეგაც უყვარდა. დაეჭვებული და განრისხებული ჰერა დაედევნა ფეხმძიმე ლეტოს და არ მისცა მიწაზე მშობიარობის შესაძლებლობა. ბოლოს ზევსის ბრძანებით ზღვაში ამოიზარდა კუნძული დელოსი, ლეტო იქ გადავიდა და შვა არტემიდე და აპოლონი.

ჰომეროსის ჰიმნში აღწერილია ლეტოს ხანგრძლივი ხეტიალი კონტინენტზე, მისი თხოვნა დელოსის მიმართ, რომ მან მაინც მიიღოს იგი და დაპირება რომ კუნძულს სამლოცველოდ აქცევს. ცხრა დღე იტანჯებოდა ლეტო მწვავე წინასამშობიარო ტკივილებში, მას მხარში უდგნენ თემიდა, ამფიტრიტე, რეა, დიონა და სხვები. გაბოროტებულმა ჰერამ შეაყოვნა ოლიმპოზე მშობიარობის ქალღმერთი - ილითია

ცისარტყელას ქალღმერთ ირისის  დახმარებით ილითიას ჩუქნიან  ლამაზ ყელსაბამს, და ამით მოიგებენ მის გულს.

ჰერას შიშით ყველა ერიდება ლეტოსთან ურთიერთობას, და მხოლოდ დელოსი შეიწყნარებს ლეტოს, დელოსის კუნძულზე პალმების ქვეშ ლეტო შობს არტემიდეს და აპოლონს. ლეტოს შვილები იცავენ დედას თავდასხმელებისგან, კლავენ ყველას, ვინც ცდილობს მის შეურაცხყოფას:

1.  გიგანტმა ტიტიოსმა მოისურვა ლეტოს გაუპატიურება, მაგრამ აპოლონმა ისრით განგმირა იგი და ასე გამოასალმა სიცოცხლეს.

2. უზარმაზარი გველი პითონი - ჰერას მსახური იყო, იგი მის ყველა დავალებას ასრულებდა. ის დევნიდა ლეტოს და არ აძლევდა მოსვენებას. აპოლონის პირველი გმირობა სწორედ პითონის დამარცხება გახდა, მან ათასი ისარი სტყორცნა მას და ასე გააფრთხობინა სული.

3. ტანტალოსის ქალიშვილს ნიობეს, რომელიც თებეს მეფის ამფიონეს მეუღლე იყო შვიდი ვაჟი და შვიდი ქალიშვილი ყავდა. ძალიან ამაყობდა ნიობე თავისი შვილებით, ბედნიერება და სიმდიდრეც არ აკლდა მას.
ერთხელ როდესაც თებეში წინასწარმეტყველი მანტო გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებდა მოსახლეობას მსხვერპლი შეეწირათ ლეტოსა და მისი შვილებისთვის. ქალაქი გამოვიდა ქალღმერთის თაყვანისსაცემად და მსხვეპრლშეწირვისთვის. მხოლოდ ნიობემ თქვა ამის გაკეთებაზე უარი. მას მიაჩნდა რომ ის აღემატებოდა ლეტოს, რახან მეტი შვილი ყავდა და უფრო ბედნიერი იყო მასზე.
როდესაც ლეტომ გაიგო ეს ამბავი, მან თავის შვილებს სთხოვა დაესაჯათ ნიობე. აპოლონმა ისრებით გამოასალმა სიცოცხლეს ნიობეს ვაჟიშვილები, ხოლო არტემიდემ მისი ქალიშვილები მოკლა. თავისი შვილების სიკვდილი შემყურე ამფიონემ ვერ მოითმინა და თავი მოიკლა. 9 დღის განმავლობაში ზევსმა ქვად აქცია ადამიანების გულები, და ისინი არ დასტიროდნენ და არ მარხავდნენ ნიობეს ოჯახს. უბედურებისგან ნიობეც გადაიქცა ქვად, რომელიც  დღე და ღამე "ცრემლებს" ღვრიდა.

ლეტო, აპოლონი და არტემიდა ერთსულოვნები არიან. ისინი ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის განმავლობაში. აპოლონი გადაარჩენს ენეოსს, არტემიდა კი დაუბრუნებს მას მის ძალას და სილამაზეს.
ლეტოს სახე - ეს არის ქალღმერთი - დედის სახე, რომელსაც შვილების დიდებით ხარობს და იდიდება.

სავარაუდოდ ლეტო წინაბერძნული წარმოშობისაა, მითები მცირეაზიული ფესვების მქონეა, მისი სახელი დაკავშირებულია ლიკიურ სიტყვა ”lada”- სთან, რაც ნიშნავს ცოლს ან დედას.
სტრაბონეს ცნობით მდინარე ქსანთეზე მცირე აზიაში იყო ლეტოს ტაძარი. კრეტოსზე კი ბერძნებამდე ცხოვრობდა მოსახლეობა, რომლებსაც ლეტოს უწოდებდნენ. ლეტოს არაბერძნულ წარმოშობას უკავშირდება სწორედ მისი არაკანონიერი კავშირები ზევსთან, დევნა ჰერას მხრიდან და მშობიარობის ადგილთან დაკავშირებული სირთულეები.

რომაულ მითოლოგიაში ლეტოს ანალოგს ლატონა წარმოადგენს.

No comments:

Post a Comment