06 December 2012

იაპეტი (იაპეტოსი)

იაპეტი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი. ოკეანოსის ქალიშვილის კლიმენეს (სხვა ვერსიით აზიის) ქმარი. ატლანტოსის, მენეთევსის,  პრომეთესა და ეპიმეთეს მამა.

როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა რომ თავის ცოლთან გეასთან დაწოლილიყო , ოთხმა ძმამ ტიტანმა: კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს მამა ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

 კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილა სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა - დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.

ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.

იაპეტს სამყაროს დასავლეთი ეკუთვნოდა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მოგვიანებით ცის ეს ნაწილი მისმა შვილმა ატლანტოსმა დაიკავა.

იაპეტს უწოდებდნენ ”ტატუს გამკეთებლად”, ის განაგებდა სასრული სიცოცხლის ხანგრძლივობას. მართლაც მისი შვილები პრომეთე და ეპიმეთე ითვლებოდნენ ადამიანების და სხვა ცოცხალი არსებების შემოქმედებად.

იაპეტმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული.  ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.

პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

No comments:

Post a Comment