16 January 2013

სელენე

სელენე - მთვარის ქალღმერთი. ტიტან ჰიპერიონისა და ტიტანიდი თეიას ქალიშვილი. ჰელიოსის (მზის) და ეოსის (განთიადი) და.

სელენეს ზოგჯერ მენსაც უწოდებენ, მისი კულტი აღმოსავლეთიდან შემოსული ჩანს. სელენეს წარმოშობის შესახებ არსებული მითი მას მზესთან აკავშირებს.

სელენეს ატრიბუტებია  დიდრონი ფრთები და თავზე ოქროს გვირგვინი. თითქოს სელენე დაქრის ცაზე მშვენიერი, ბრწყინვალე ეტლით, რომელშიც წყვილი თოვლისფერი ცხენია შებმული (ერთი ვარიანტის მიხედვით ეტლში ხარებია შებმული, რომელთა რქები ნამგალა მთვარის სიმბოლური გამოსახულებაა). ცის ტატნობის გადავლის შემდეგ სელენე ოკეანეში იმალება.



არკადიის მთებში სელენა პანის საყვარლად მიიჩნევოდა. მითის თანახმად ნიმფებისგან უარყოფილი პანი ცხვრად გადაიქცა,  შესთავაზა სელენეს ზურგზე გაგატარებო, ქალღმერთმა ვერ იცნო პანი, დათანხმდა და ყველა მისი სურვილის დაკმაყოფილებას შეჰპირდა. იმის შემდეგ არკადიაში ტარდებოდა მაისის ორგიები, როდესაც სექსუალური კავშირის დამყარებდე ქალ ქურუმს ატარებდა რჩეული ზურგზე, ამ რიტუალით ბუნების გამოღვიძებას აღნიშნავდნენ.

 ერთი მითის მიხედვით სელენეს ზევსი უყვარდა და მასთან ურთიერთობით პანდიასი გააჩინა.

ყველაზე მეტად ცნობილია სელენესა და ულამაზესი ყმაწვილის - ენდიმიონის სიყვარულის შესახებ არსებული მითი. ენდიმიონმა ღმერთებს უკვდავება სთხოვა, ღმერთებმა სურვილი აუსრულეს, ოღონდ მუდამ მძინარე უნდა ყოფილიყო. ცაზე მოგზაურობისას სელენე შეაჩერებდა თავის ეტლს, ჩამოვიდოდა გამოქვაბულში, სადაც ენდიმიონს ეძინა გამუდმებული ძილით და მწუხარედ ტკბებოდა მისი ღვთაებრივი სილამაზით. თითქოსდა ამ უცნაურმა როგორღაც ცალმხრივმა სიყვარულმა მისცა სელენეს (მთვარეს) მწუხარე, ნაღვლიანი სახე. მითის ერთ-ერთის ვარიანტის მიხედვით სელენე მაინც ახერხებდა ენდიმიონთან კავშირს და მისგან შეეძინა 50 ქალიშვილი, რაც ბერძნული წელიწადის 50 თვის განმასახიერებელი უნდა იყოს.

ძველთაგანვე ადამიანთა ცხოვრების სიავკარგეს აკავშირებდნენ სელენეს (მთვარის) სახის ცვალებადობასთან. ახალი მთვარის დროს, როდესაც მას ნამგლის ფორმა აქვს, იკრძალება მრავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რაც შეიძლება მართლაც იყოს დაკავშირებული ატმოსფეროში მთვარის ფაზებისა და ამდენად განათების ცვალებადობაზე. მზისა და მთვარის კულტი კლასიკური პერიოდში არაბერძნულად - ბარბაროსულად მიაჩნდათ. შემდეგ სელენე არტემიდასთან, როგორც მთვარის ქალღმერთთან გააიგივეს. სელენეს აიგივებდნენ აგრეთვე ჰეკატესთან და პერსეფონესთანაც.
საფოს სელენე წარმოდგენილი ჰყავს ლამაზ ქალად, რომელსაც ხელში ჩირაღდანი უჭირავს და წინ მიუძღვის ვარსკვლავებს, სელენე ხელოვნებაში უმეტესად ეტლში ან ცხენზე მჯდომარედაა გამოყვანილი.

No comments:

Post a Comment