08 January 2013

ეოსი

ეოსი - განთიადის ქალღმერთი. ტიტან ჰიპერიონისა და ტიტანიდი თეიას ქალიშვილი. ჰელიოსის (მზის) და სელენას (მთვარის) და.


ზოგი მითის მიხედვით ეოსი ჰელიოსისა (მზე) და ნიქტის (ღამე) ქალიშვილია.

ასტრეოსისაგან ეოსს ცხრა შვილი შეეძინა:  ოთხი ქარი:  არგესტესი (სამხრეთ-დასავლეთის ქარი),  ზეფიროსი (აღმოსავლეთის ქარი), ბორეასი (ჩრდილოეთის ქარი), ნოტოსი (სამხრეთის ქარი) და ხუთი მოხეტიალე ვარსკვლავი: ფოსფორი (ცისკრის ვარსკლავი ანუ ვენერა), ფაინონი (სატურნი), ფაეტონი (იუპიტერი), პიროეისი (მარსი), სტილბონი (მერკური)

ეოსი თითქოს ოკეანის აღმოსავლეთით ცხოვრობს,  და დილაადრიან გამორბის ორცხენიანი(ლამპოსი და ფაეტონი) ეტლით, ან მოფრინავს თეთრი ფრთებით, რათა ქვეყანას თავისი ძმის - ჰელიოსის(მზე) მობრძანება აუწყოს. მომავალ ეოსს ესალმება დილის ვარსკვლავი, დანარჩენები კი მის გამოჩენაზე იბნიდებიან და ქრებიან.


ჰომეროსთან ეოსი გრძელ და ოქროსფერ ტალღოვანი თმებით შემკულ, ვარდისფერტანიან და ვარდისფერ ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალად წარმოგვიდგება. პოეტები მას ლამაზკულულას, ვარდისფერთითებას და სხვა ასეთ ეპითეტებს მიაკუთვნებენ.

ზოგიერთი მითის მიხედვით ეოსი ხშირად არესთან  იზიარებდა სარეცელს. სწორედ ამის გამო აფროდიტემ დასაჯა ეოსი და მას ახალგაზრდა მამაკაცების მიმართ დაუოკებელი სწრაფვა და ვნება გაუჩინა. ამას უკავშირდება გადმოცემები, რომლებიც ეოსს ლამაზი ყმაწვილების მოტრფიალედ და მათ მომტაცებლად ასახელებს, მან მოიტაცა ორიონი, კეფალოსი, ტითონოსი და სხვები.  ყმაწვილებისადმი ეოსის ამ მიდრეკლებას უკავშირებენ  მამაკაცის დილის ერექციას.

ეოსმა ტითონოსი ქმრად გაიხადა და ზევსს შეევედრა, რომ მისი ქმარი უკვდავი გაეხადა. ზევსმა შეისმინა ოესის ვედრება, ტითონოსი მართლაც არ კვდებოდა, მაგრამ მეტისმეტად დაბერდა და დაჩაჩანაკდა.(ეოსს დაავიწყდა ზევსისათვის ეთხოვა ისიც, რომ მისი ქმრისათვის სიყმაწვილეც შეენარჩუნებინა). მოხუცი ქმრის უძლურებით დადარდიანებულმა ეოსმა იგი ჭრიჭინად აქცია.

ტითონოსისა და ეოსის ვაჟი - მემნონი ტროის ომში მოკლა აქილევსმა.  ძლიერ დამწუხრებულმა დედამ მემნონის სხეული გამოსატირებლად ეთიოპიაში დააბრუნა და ზევსს მისი დების ჩიტებად „მემნონებად“ გადაქცევა სთხოვა. ყოველ დილით მწარე ცრემლებს აფრქვევდა მის საფლავზე (თითქოს ეოსის ცრემლები დილის ნამია).

იტალიაში მას ავრორას უწოდებენ. მხატვრები ხშირად ეოსს ჩირაღდნით ხელში წარმოიდგენენ, ზოგჯერ - ეტლში მჯდომარედ.

No comments:

Post a Comment