16 January 2013

ჰელიოსი

ჰელიოსი - მზის ღმერთი. ტიტან ჰიპერიონისა და ტიტანიდი თეიას ვაჟი. სელენეს(მთვარე) და ეოსის (განთიადი) ძმა.

მითების მიხედვით
ვინაიდან ჰელიოსი მაღლა ცაში იმყოფებოდა, მისთვის ცნობილი იყო ყველა ადამიანის და ყველა ღმერთის საქმეები. დანაშაულისთვის მას შეეძლო დაებრმავებინა. ამიტომაც უხმობდნენ მას მოწმეები და შურისმაძიებლები. სწორედ ჰელიოსი ეტყვის დემეტრეს, რომ მისი ქალიშვილი პერსეფონე აიდმა მოიტაცა.  ჰელიოსმა მიუტანა ენა ჰეფესტოს მისი მეუღლის აფროდიტეს მოღალატეობრივ კავშირზე არესთან. ჰელიოსმა ასევე უთხრა არტემიდეს იმის შესახებ, რომ მეფე იონეოსმა ღმერთების სიაში არ ჩართო იგი, რის გამოც არტემიდემ უზარმაზარი კალიდონური ტახი მიუგზავნა იონეოსის სამეფოს.

ჰელიოსი ცხოვრობს დიდებულ სასახლეში ოთხი სეზონის განმასახიერებელი ქალღმერთების გარემოცვაში. ჰელიოსი ამობრწყინდება მამლის დაყივლებისთანავე, რომელიც მის წმინდა ფრინველად ითვლება. ჰელიოსი ყოველდღიურად აღმოსავლეთიდან მობრძანდებოდა ეტლით, რომელშიც შებმული იყო ცეცხლისმფრქვეველი ცხენები და საღამოს დასავლეთით ეშვებოდა ოკეანეში. ღამით ჰელიოსი დედამიწას შემოუვლიდა ნავით და დილით კვლავ აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდებოდა. თუმცა იყო შემთხვევაც, როდესაც ჰელიოსმა ეს ყოველდღიური განრიგი დაარღვია. ზევსის ბრძანებით 3 დღის განმავლობაში ჰელიოსი თავის სასახლიდან არ გამოსულა. სწორედ ამდენი ხანი გაგრძელდა ზევსისა და ალკმენეს საქორწინო ღამე, სადაც ჰერაკლე ჩაისახა.

მეორედ ზევსმა გააჩერა ჰელიოსის ეტლი, როდესაც ათრევსს მისცა საშუალება მიკენში ტახტზე ასულიყო.

ჰელიოსს მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ყავდა:

კლიმენესთან - ფაეტონი, ასტრიდე და ჰელიადები.

პერსესთან - აიეტი, პერსესი, კირკი და პასიფეა.
როდასთან - 7 ვაჟი, რომლებმაც თავი გაითქვეს როგორც დიდებულმა ასტროლოგებმა.


ჰელიოსის ხარები

 ჰელიოსს ჰყავდა ხარების შვიდი ჯოგი, რომელშიც სულ შედიოდა 350 ხარი. ხარებს კუნძულ ტრინაკრიაზე ჰელიოსის ქალიშვილები  მწყემსავდნენ. თვითოეული ხარი, როგორც ირკვევა, წლის თითო დღის განსახიერებაა.(ბერძნული კალენდარი 350 დღისგან შედგებოდა). ტირესიამ ურჩია ოდისევსს და მის თანამგზავრებს, რომ არამც და არამც ხელი არ ეხლოთ ჰელიოსის ხარებისთვის, მაგრამ როდესაც ოდისევსი და მისი თანამგზავრები კუნძუნლ ტრინაკრიაზე მოხვდნენ, მეტისმეტი შიმშილის გამო იძულებული გახდნენ დაეკლათ და შეეჭამათ რამოდენიმე ხარი. ამიტომ მათი გემი განრისხებულმა ღმერთებმა ნამსხვრევებად აქციეს და მხოლოდ ოდისევსი გადაურჩა დაღუპვას. მითი ჰელიოსის ხარების შესახებ იმ ეპოქას ასახავს, როდესაც წმინდა ცხოველთა მოკვლა აკრძალული იყო.

ჰელიოსის ტაძრები იყო კორინთოში, არგოსში, ელიდაში. მისი კულტის ცენტრი კუნძული როდოსი იყო. რომაელებმა ჰელიოსი სოლთან გააიგივეს. მისი ტაძარი აღმართული იყო კვირინალიაზე. ხელოვნებაში ჰელიოსი გამოისახებოდა ეტლში მჯდომარე, თავზე ნათლის გვირგვინიან, ან მზის დისკო დადგმულ მამაკაცად. ჰელიოსი ზოგ გამოსახულებაში ფეხზე დგას ეტლში, ერთ ხელში მათრახი უჭირავს, მეორეში კი დედამიწის ბურთი.

No comments:

Post a Comment