
კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა - დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.
ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.
კოიოსი და მისი მეუღლე ფებე ასევე ითვლებოდნენ ზეციური ორაკულების გამგებლებად. ისინი აკონტროლებდნენ დელფოს სამისნოსაც დედამიწაზე.
კოიოსმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.
დემეტრას წყალობით კოიოსი გამოვიდა ტარტაროსიდან, იგი გაექცა ზევსს ჩრდილოეთში, სადაც პოლარულ ვარსკვლავად გადაიქცა.
პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.
კოიოსი მიიჩნევა სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის და ზეციური ცოდნის ღმერთად. ასევე ცის ღერძის განსახიერებად, რომელზედაც გადაადგილდებიან ღრუბლები, ჰელიოსი (მზე) და სელენა (მთვარე).
No comments:
Post a Comment