Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - თ. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - თ. Show all posts

13 December 2012

თემიდა (თემისი)

თემიდა (თემისი) - ერთ-ერთი ტიტანიდა.  ურანოსისა და გეას ასული.
ზევსის მეორე  ცოლი. ზევსისგან მას ეყოლა ბედისწერის განმასახიერებელი ქალღმერთები - მოირები: ატროპოსი, კლოთო და ლაქესისი.
ჰესიოდეს მიხედვით ზევსსა და თემიდას ქალიშვილები იყვნენ ჰორები: ევნომია (კანონიერება), დიკე (სამართლიანობა), ეირენე (მშვიდობა).

ესქილეს მიხედვით თემიდა - პრომეთეს დედაა.

თემიდა - სიმართლის, მართლმსაჯულებისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთია.
მოგვიანებით თემიდა დიკესთან ერთად უზენაეს ღვთაებათა მრჩეველი ხდება. იგი გადასცემდა ადამიანებს ზევსის ბრძანებებსა და ნება-სურვილს. თემიდა ითვლებოდა მოუსყიდავი და ობიექტური მსჯავრდებლების მფარველად.

თემიდას წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა. ერთხელ მან პრომეთეს გაუმხილა, რომ ზევსს და თეტიდას ეყოლებათ შვილი, რომელიც ზევს ტახტიდან ჩამოაგდებს.

თემიდამ დედამისი გეასგან მიიღო დელფოსის ორაკული, რომლის მეშვეობითაც წინასწარმეტყველებებს ავრცელებდა. მოგვიანებით ეს ორაკული გადასცა თავის დას ფებეს, ხოლო ფებემ ის თავის შვილიშვილს აპოლონს აჩუქა დაბადების დღეზე.

თემიდამ ღმერთების კრება მოაწყო და ზევსს დაეხმარა ტროას ომის ბედის გადაწყვეტაში. თემიდას უკავშირდება წინასწარმეტველების, მსხვერპლთშეწირვისა და საღვთო რიტუალები.

რომაულ მითოლოგიაში თემიდას ანალოგს წარმოადგენს იუსტიცია. იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თემიდას თვალახელილს გამოსახავდნენ,  რათა სიმართლე კარგად დაენახა, მას ხელში სასწორი და სიუხვის რქა ეჭირა. თუმცა უნდა ითქვას რომ თემიდას გამოსახვამ ევოლუცია განიცადა. დღეს მას თვალებიც აქვს ახვეული და სიუხვის რქის მაგივრად ხმალი უჭირავს, ეს ატრიბუტები მისი რომაული ანალოგისგან იუსტიციისგან არის ნასესხები.

თემიდა გადატანითი მნიშვნელობით მართლმსაჯულებას, სიმართლეს ნიშნავს. ხშირად მოსამართლეებსა და იურისტებს თემიდას მსახურებს უწოდებენ.

11 December 2012

თეია

თეია - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) უფროსი ქალიშვილი. ერთ-ერთი ტიტანიდა. ჰიპერიონის და და მეუღლე. ჰელიოსის, სელენესა და ეოსის დედა.
თეია ითვლება სინათლის ღვთაებად. ასევე ის უზრუნველყოფდა ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების ბრწყინვალებას და ჭეშმარიტ ღირებულებას.
თეიას ასევე უწოდებენ ღვთაებას, რომელიც თვალყურს ადევნებს ადამიანებს, აკონტროლებს თესალიის და  ფთიოტისის ორაკულებს.

სხვა ტიტანებთან ერთად მონაწილეობდა ზევსის წინაამღდეგ ბრძოლაში, დამარცხების შემდეგ ჩააგდეს ტარტაროსში.

ერთ ერთი გვიანდელი მითის მიხედვით ტიტანებმა მოკლეს ჰიპერიონი და ამოხოცეს მისი შვილები, მაგრამ ღმერთებმა სელენა და ჰელიოსი მნათობებად აქციეს, თეია კი უკვდავყვეს და ცაში წაიყვანეს. ამის შემდეგ თეიას მსოფლიოს საწყისის ღვთაებად მიიჩნევდნენ. (მზის, მთვარის და განთიადის ქალღმერთი).
თეიას ზოგჯერ დიდ დედასთან - კიბელასთან აიგივებდნენ.

05 December 2012

თეტიდა

თეტიდა - ზღვის ქალღმერთი. ერთ ერთი ნერეიდთაგანი. ნერევსისა და დორიდეს ქალიშვილი. ბერძნული მითოლოგია
მითის ზოგიერთი ვერსიით იგი კენტავრ ქირონის ასულია.

როგორც ნერევსის უფროსი ქალიშვილი, თეტიდა ითვლებოდა ნერეიდების უფროსად და ხელმძღვანელად. თეტიდა ხშირად ეხმარებოდა ღმერთებს და ამით მათ პატივისცემას იმსახურებდა. მაგალითად, მან მოუხმო ასხელიან გოლიათს ბრიარეოსს ზევსის დასახმარებლად, როდესაც ათენა, ჰერა, პოსეიდონმა გადაწყვიტეს ოლიმპოზე ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში და  ზევსს შეუკრეს ხელფეხი.
სწორედ თეტიდა მალავდა ათი წლის განმავლობაში ოლიმპოდან გადმოგდებულ ჰეფესტოს,  დაეხმარა დიონისეს ლიკურგიუსისაგან თავის დაღწევაში.
 თეტიდის დახმარებით არგონავტებმა შეძლეს სრუტის გავლა სცილასა (სკილა) და ქარიბდის გვერდით ავლით. ის დაცურავდა დელფინზე ამხედრებული.

ზევსმა და პოსეიდონმა შეძლეს თეტიდასთან გამიჯნურება, მაგრამ როდესაც სამისნომ იწინასწარმეტყველა თეტიდას ვაჟი სიძლიერით მამას გადააჭარბებსო, ზევსმა ხელი აიღო მასთან ქორწინებაზე და იძულების მიათხოვა მოკვდავ პელევსს.

12 October 2012

თალასა (თალატა)

თალასა - ზღვის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ბერძნული მითოლოგია
ეთერის და ჰემერას ქალიშვილი. პონტოსის და და მეუღლე.

პონტოსისგან ეყოლა ქალიშვილი გალია, ტელქინები (ზღვის დემონები) და თევზები.

ზოგიერთი მითის მიხედვით აფროდიტე თალასას ქალიშვილია, რომელიც ან ზევსისგან ან ურანოსისგან ეყოლა.

ქალაქ კორინთოში არის თალასას ქანდაკება, რომელსაც ხელში პატარა აფროდიტე უკავია.

ხშირად თალასას აიგივებენ თეტიდასთან, ისევე როგორც პონტოსს ოკეანოსთან.
თალასა და პონტოსი ზღვის განსახიერებებია, შემდეგ ეპოქებში მათი ფუნქციები დაეკისრათ  თეტიდას და ოკეანოსს, უფრო გვიან კი ამფიტრიტეს და პოსეიდონს.

29 September 2012

თანატოსი

თანატოსი - სიკვდილის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ნიქტის (ღამე) და ერებოსის (წყვდიადი) შვილი, ჰიპნოსის (ძილი) ტყუპისცალი ძმა.
თანატოსს აქვს რკინის გული და ამიტომაც არავინ ებრალება. იგი ძალიან ეჯავრებათ არამარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც, რადგანაც იგი ერთადერთი არსებაა, რომელზეც არ მოქმედებს არავითარი პატივისცემა და საჩუქრები.
ბერძნული მითოლოგია
თანატოსი შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ფრთოსანი არსებაა, მას ხელში ხმალი უჭირავს. სპარტაში არსებობდა თანატოსის კულტი. მოგვიანებით ხელოვნებაში, თანატოსი ფრთოსან ყმაწვილად გამოისახებოდა, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი ეჭირა.